X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მზია გიორგობიანი-წყალტუბოს გენგეგმა ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს

20 აგვისტო 2021

,,დღეს გაიმართა წყალტუბოს კონცეფციის გენგეგმის განხილვა,  რომელიც წარმოადგინა  კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბაუ დიზაინი“. კომპანია დაკომპლექტებულია  ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან.  განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იტალიელი სპეციალისტების,  როგორც ძეგლთა დაცვის ექსპერტების, ასევე კონკრეტულად დამგეგმარებლების ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოსთვის ასეთი სახის დოკუმენტის შემუშავება, რათა გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები და შევძლოთ დამატებით ინვესტორების მოზიდვა, ასევე შევძლოთ უკვე არსებული შენობების რეაბილიტაცია-აღდგენა იმ კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნებით, რომელიც დღეს წყალტუბოში გვაქვს“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წყალტუბოში, კურორტის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის შემდეგ განაცხადა.

წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.

როგორც საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იტალიელმა სპეციალისტმა   მარკო არდიელიმ აღნიშნა, პროექტი შედგება ორი ნაწილისგან, პირველი გახლავთ ხედვა და მეორე- ზონირება, ანუ როგორ გამოვიყენოთ უკვე  არსებული სივრცეები.

,,ჩვენ გვაქვს  მნიშვნელოვანი იდეები. პირველი ამოცანაა, რომ წყალტუბო გახდეს ტურისტული დანიშნულების ადგილი, მეორე და მთავარი არის, რომ საცხოვრებლად წყალტუბო იყოს კომფორტული აქაური მაცხოვრებლებისთვის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სპა, ან მხოლოდ დასასვენებელი ადგილი ან  კურორტი,  ეს უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და კარგი საცხოვრებელი ადგილობრივებისთვის.  გვინდა რომ წყალტუბო გახდეს სამოდელო ქალაქი საქართველოსთვის“-აღნიშნა მარკო არდიელიმ.

მზია გიორგობიანის განცხადებით, კონცეფციის განხორციელება დაიწყება მას შემდეგ რაც საკრებულო მას დაამტკიცებს. შემუშავდება დეტალური პროექტირებები, უკვე არსებობს თითოეულ პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო პაკეტები, რომლებიც გადაცემულია ეკონომიკის სამინისტროსთვის ინვესტორების მოსაზიდად.